მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადასახადები მხოლოდ შემოსავალზე, ქონებასა და ავტომობილებზე არ ვრცელდება. ზოგიერთ სახელმწიფოში მოქალაქეებს ისეთი ნივთებისა და საქმიანობისთვისაც უწევთ თანხის გადახდა, რაც სხვა ქვეყნებში სრულიად ჩვეულებრივ ყოველდღიურობად მიიჩნევა.
მაგალითად, გერმანიასა და შვეიცარიაში ძაღლის ყოლა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, საფრანგეთში კი გარკვეულ შემთხვევებში გადასახადი ბაღში აშენებულ პატარა ფარდულსაც შეიძლება შეეხოს. ზოგიერთ ქვეყანაში გადასახადს ტელევიზორის ქონა, ან საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა გარემოებებიც განაპირობებს.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მაგალითს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
1. გერმანია — გადასახადი ძაღლის ყოლისთვის
გერმანიაში ძაღლის ყოლა მხოლოდ საკვების, ვეტერინარისა და მოვლის ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ძაღლის გადასახადი — Hundesteuer.
ეს ადგილობრივი გადასახადია და მას მუნიციპალიტეტები აწესებენ. თანხის ოდენობა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ ადგილას მეორე ან მომდევნო ძაღლის ყოლა უფრო ძვირიც შეიძლება იყოს.
გადასახადის ერთ-ერთი მიზანი ძაღლების პასუხისმგებლიანი მოვლის წახალისება და მათი რაოდენობის რეგულირებაა.
საფრანგეთში არსებობს გადასახადი, რომელსაც ხშირად „ბაღის ფარდულის გადასახადს“ უწოდებენ.
ოფიციალურად ეს არის Taxe d’aménagement — კეთილმოწყობისა და მშენებლობის გადასახადი. ის შეიძლება დაეკისროს მოქალაქეს, რომელიც საკუთარ ეზოში გარკვეული ტიპის დახურულ და გადახურულ ნაგებობას აშენებს, მათ შორის ბაღის ფარდულს ან აუზს.
გადასახადი ერთჯერადია და არა ყოველწლიური. მისი ოდენობა დამოკიდებულია ნაგებობის ფართობსა და ადგილობრივ განაკვეთებზე.
2026 წელს საფრანგეთის სახელმწიფო ოფიციალურ განმარტებაშიც ადასტურებს, რომ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაღის ფარდული ამ გადასახადით იბეგრება. ამასთან, არსებობს გამონაკლისებიც, მათ შორის მცირე ზომის ნაგებობებისთვის, რომელთა გათავისუფლებაც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული
3. იტალია — გადასახადი ტელევიზორის ფლობისთვის
იტალიაში მოქმედებს სატელევიზიო მოსაკრებელი — Canone TV. გადასახადის გადახდის ვალდებულება დაკავშირებულია ტელევიზორის ფლობასთან და არა იმასთან, უყურებს თუ არა მოქალაქე რეალურად ტელეგადაცემებს.
2026 წელს გადასახადის წლიური ოდენობა 90 ევროა.
თანხა, როგორც წესი, ელექტროენერგიის გადასახადშია ჩართული და წელიწადში ათ ნაწილად იკრიბება — იანვრიდან ოქტომბრამდე.
საინტერესოა, რომ იტალიის კანონმდებლობით, გადასახადი არ არის დამოკიდებული იმაზე, რომელ არხებს უყურებს ადამიანი ან საერთოდ იყენებს თუ არა ტელევიზორს
4. ნიდერლანდები — გადასახადი ონკანის წყალზე
ნიდერლანდებში მოქალაქეები ონკანის წყლის მოხმარებისთვის სპეციალურ გარემოსდაცვით გადასახადსაც იხდიან.
მისი სახელწოდებაა Belasting op leidingwater. გადასახადი წყლის მოხმარების მოცულობის მიხედვით გამოითვლება და წყლის მომწოდებელი კომპანიების მეშვეობით მომხმარებლის ანგარიშში აისახება.
სახელმწიფოს განმარტებით, ამ გადასახადის მიზანი წყლის რესურსების დაზოგვის წახალისებაა.
2026 წელს გადასახადი ერთ მიერთებაზე მოხმარებული წყლის პირველი 50 000 კუბური მეტრის ფარგლებში მოქმედებს, ხოლო 2027 წლიდან მისი გავრცელება მოხმარებულ წყალზე მთლიანად იგეგმება
5. პოლონეთი — ე.წ. წვიმის გადასახადი
პოლონეთში არსებობს გადასახადი, რომელსაც საზოგადოებაში „წვიმის გადასახადს“ (Podatek od deszczu) უწოდებენ.
მისი მიზანი წვიმის წყლის ბუნებრივი შეწოვისა და მართვის წახალისებაა. გადასახადი შეიძლება შეეხოს დიდ ტერიტორიებს, სადაც მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი ბეტონით, ასფალტით ან სხვა წყალგაუმტარი საფარით არის დაფარული.
თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ეს გადასახადი ყველა სახლის მფლობელს არ ეხება.
პოლონეთის სახელმწიფო წყლის მართვის უწყების 2025 წლის 27 ნოემბრის განმარტებით, გადასახადის გადამხდელად მიჩნევისთვის ერთდროულად სამი პირობა უნდა შესრულდეს:
-
მიწის ფართობი 3 500 კვადრატულ მეტრს უნდა აღემატებოდეს;
-
ტერიტორიის 70 პროცენტზე მეტი უნდა იყოს განაშენიანებული ან წყალგაუმტარი საფარით დაფარული;
-
ტერიტორია არ უნდა იყოს დაკავშირებული შესაბამის სადრენაჟო სისტემასთან.
პოლონეთის უწყებამ სპეციალურად უარყო გავრცელებული ცნობები, თითქოს ეს გადასახადი 600 კვადრატულ მეტრზე დიდი ყველა კერძო ნაკვეთის მფლობელს შეეხებოდა
6. დანია — გადასახადი პირუტყვის მიერ გამოყოფილ სათბურის აირებზე
დანია მსოფლიოში პირველი ქვეყნების რიგშია, რომელმაც სოფლის მეურნეობაში პირუტყვის მიერ გამოყოფილ სათბურის აირებზე გადასახადის დაწესება გადაწყვიტა.
2024 წელს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 2030 წლიდან ფერმერებისთვის ამოქმედდება გადასახადი, რომელიც პირუტყვის საჭმლის მონელებისა და ნაკელის მართვის შედეგად წარმოქმნილ მეთანისა და სხვა სათბურის აირების ემისიებს შეეხება.
გადასახადის საწყისი განაკვეთი ერთ ტონა CO₂-ის ეკვივალენტზე 300 დანიურ კრონას შეადგენს, ხოლო 2035 წლისთვის 750 კრონამდე უნდა გაიზარდოს.
ეს არ არის უშუალოდ მოქალაქეებისთვის დაწესებული გადასახადი — მისი გადამხდელები სოფლის მეურნეობის მწარმოებლები იქნებიან. თუმცა, ეს საინტერესო მაგალითია იმისა, თუ რამდენად უჩვეულო მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს თანამედროვე საგადასახადო პოლიტიკა.
7. იაპონია — გადასახადი ქვეყნის დატოვებისთვის
იაპონიაში მოქმედებს ე.წ. საერთაშორისო ტურისტული გადასახადი, რომელსაც ქვეყნის დატოვებისას იხდიან.
ეს გადასახადი 2019 წელს შემოიღეს და თავდაპირველად 1 000 იენს შეადგენდა. 2026 წლის 1 ივლისიდან კი მისი ოდენობა 3 000 იენამდე გაიზარდა.
მნიშვნელოვანია, რომ გადასახადი მხოლოდ უცხოელ ტურისტებს არ ეხებათ — ის იაპონიის მოქალაქეებზეც ვრცელდება. ვალდებულება ეხება იაპონიიდან თვითმფრინავით ან გემით გამგზავრებულ მგზავრებს, გამონაკლისების გათვალისწინებით.
თანხა, როგორც წესი, ავიაბილეთის ან გემის ბილეთის ფასშია ჩართული და მგზავრს აეროპორტში ცალკე გადახდა არ უწევს.
იაპონიის ხელისუფლების განმარტებით, მიღებული თანხა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, გადატვირთული ტურისტული ადგილების მართვასა და ქვეყნის ტურისტული რესურსების განვითარებას ხმარდება
რატომ აწესებენ სახელმწიფოები ასეთ გადასახადებს?
ერთი შეხედვით, ჩამოთვლილი გადასახადები შეიძლება უჩვეულოდ ან უცნაურად მოგვეჩვენოს, თუმცა მათ უმეტესობას კონკრეტული მიზანი აქვს:
– გარემოს დაცვა — წყლის დაზოგვა, წვიმის წყლის მართვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება.
– საზოგადოებრივი წესრიგი — შინაური ცხოველების პასუხისმგებლიანი მოვლის წახალისება.
– საზოგადოებრივი მომსახურება — სატელევიზიო და სხვა საჯარო სერვისების დაფინანსება.
– ინფრასტრუქტურის განვითარება — მშენებლობისა და ტურიზმის შედეგად წარმოქმნილი ხარჯების დაფარვა.
საბოლოოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფოები ცდილობენ, გადასახადების მეშვეობით მოქალაქეებისა და ბიზნესის ქცევაზეც მოახდინონ გავლენა. ზოგჯერ ეს გავლენა იმდენად უჩვეულო ფორმას იღებს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის თითქმის დაუჯერებლად ჟღერს.

