Anastacia — „პატარა ქალი დიდი ხმით“
2000-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოპ და სოულ მომღერალი იყო ამერიკელი ვარსკვლავი Anastacia, რომლის ნამდვილი სახელია ანასტასია ლინ ნიუკირკი (Anastacia Lyn Newkirk). მისი უნიკალური, ძლიერი ვოკალი და ენერგიული სტილი დღემდე განსაკუთრებულად ცნობადია. ჰიტებმა — I’m Outta Love, Left Outside Alone, Paid My Dues და Sick & Tired — ის მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.
ბავშვობა და რთული ცხოვრება
ანასტასია 1968 წლის 17 სექტემბერს, ჩიკაგოში დაიბადა. იგი არტისტულ ოჯახში გაიზარდა — დედა ბროდვეის მსახიობი იყო, მამა კი მომღერალი. თუმცა მისი ბავშვობა მარტივი არ ყოფილა: მამამ ოჯახი მაშინ დატოვა, როცა ანასტასია ჯერ კიდევ პატარა იყო. მოგვიანებით ოჯახი ნიუ-იორკში გადავიდა.
13 წლის ასაკში მას კრონის დაავადება დაუდგინდა — ქრონიკული აუტოიმუნური პრობლემა, რომელმაც მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაართულა. მიუხედავად ამისა, ანასტასიას ბრძოლა არასდროს არ შეუწტვეტია. მან უკვე ორჯერ დაამარცხა ძუძუს კიბოც, რის გამოც მსოფლიო მასშტაბით სიმბოლოდ იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე დაავადებებს ებრძვიან.
კარიერის აღმასვლა
სანამ მომღერალი გახდებოდა, ანასტასია მოცეკვავე იყო და სხვადასხვა არტისტთან ბექ-ვოკალსაც ასრულებდა. მისი ნამდვილი წარმატება 1999-2000 წლებში დაიწყო, როდესაც სინგლი I’m Outta Love ევროპისა და მსოფლიოს ჩარტებში აფეთქდა. მალევე გამოვიდა ალბომი Not That Kind, რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
შემდეგ წლებში ანასტასიამ რამდენიმე წარმატებული ალბომი გამოსცა და განსაკუთრებით პოპულარული ევროპაში გახდა. მისი მუსიკალური სტილი თავად მომღერალმა „Sprock“ უწოდა — soul, pop და rock ჟღერადობის ნაზავი.
ოჯახური მდგომარეობა
Anastacia 2007 წელს საკუთარ დაცვის წევრზე, უეინ ნიუტონზე დაქორწინდა, თუმცა წყვილი რამდენიმე წლის შემდეგ დაშორდა. ოფიციალურად ისინი 2010 წელს განქორწინდნენ. შვილები ანასტასიას არ ჰყავს, თუმცა მეუღლის წინა ურთიერთობიდან ბავშვებთან ახლო კავშირი ჰქონდა.
ბოლო ინფორმაციით, მომღერალი ამჟამად დაუქორწინებელია და პირად ცხოვრებას შედარებით დახურულად ინახავს.
სად ცხოვრობს დღეს?
ბოლო წლების განმავლობაში ანასტასია ძირითადად კოლორადოში, მთიან რეგიონში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მშვიდ გარემოში დედასთან, დასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს და ბუნებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ანასტასია დღეს
57 წლის მომღერალი კვლავ აქტიურია მუსიკაში. 2023 წელს მან ალბომი Our Songs გამოუშვა, რომელიც ევროპაში წარმატებული აღმოჩნდა. იგი აგრძელებს ტურნეებსა და ფესტივალებზე გამოსვლას. მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ანასტასია ამბობს, რომ ცხოვრებას ოპტიმიზმით უყურებს და სცენა ისევ მისი მთავარი ენერგიის წყაროა.
მისი ისტორია ბევრისთვის მაგალითია — როგორ შეიძლება მძიმე დაავადებების, პირადი პრობლემებისა და სირთულეების მიუხედავად, ადამიანმა საკუთარი ადგილი მსოფლიო მუსიკაში მაინც დაიმკვიდროს.

