ბრწყინვალე კარიერა, დეპრესია და ნარკოდამიკიდებულებისგან დაღწევა – ცნობილი ბრაზილიელი მსახიობის, ვერა ფიშერის ცხოვრება

ბრაზილიელი მსახიობი და ყოფილი მოდელი Vera Fischer ათწლეულების განმავლობაში ბრაზილიური ტელენოველების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ ითვლებოდა. განსაკუთრებული პოპულარობა მან 1980-იან და 1990-იან წლებში მოიპოვა, ხოლო საერთაშორისო მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი ისეთი სერიალებით, როგორებიცაა Laços de Família („ოჯახური კავშირები“), O Clone („კლონი“) და Senhora do Destino.

ვერა ფიშერი 1951 წლის 27 ნოემბერს დაიბადა ბრაზილიის შტატ სანტა-კატარინაში, გერმანული წარმოშობის ოჯახში. 1969 წელს მან „მის ბრაზილიის“ ტიტული მოიპოვა, რის შემდეგაც სამოდელო კარიერიდან კინოსა და ტელევიზიაში გადავიდა.

მისი სამსახიობო კარიერა უკვე 50 წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მან ათეულობით ტელენოველაში, ფილმსა და თეატრალურ დადგმაში ითამაშა და ბრაზილიური ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობად ჩამოყალიბდა.

რას საქმიანობს ამჟამად?

74 წლის ვერა ფიშერი კვლავ აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.

2026 წელს იგი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ტელეკომპანია Globo-ს ტელენოველაში, სადაც სპეციალური როლი შეასრულა. თავად მსახიობმა არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს კვლავ ითამაშოს როგორც სერიალებში, ისე კინოსა და სატელევიზიო პროექტებში.

ასე გამოიყურება 74 წლის ვერა ფიშერი

ბოლო წლებში ფიშერი ასევე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ სპექტაკლებში. 2025 წელს დასრულდა კომედიური წარმოდგენის “O Casal Mais Sexy da América”-ს წარმატებული ტურნე, რომელმაც ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქში ათიათასობით მაყურებელი მიიზიდა. მსახიობის თქმით, თეატრი მისთვის კვლავ განსაკუთრებული ენერგიისა და შემოქმედებითი შთაგონების წყაროა.

სოციალური ქსელები და საზოგადოებრივი ცხოვრება

 

ვერა ფიშერი აქტიურია სოციალურ ქსელებში, სადაც რეგულარულად აქვეყნებს ყოველდღიური ცხოვრების, გადაღებების, ფოტოსესიებისა და პირადი არქივის ფოტოებს. ის ხშირად პასუხობს გულშემატკივრების კომენტარებს და ასაკთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ღიად ეწინააღმდეგება.

ინტერვიუებში მსახიობი ხშირად საუბრობს ქალების უფლებებზე, ასაკობრივ დისკრიმინაციაზე (ეიჯიზმზე), ჯანმრთელ ცხოვრებასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალში სურს ლექციების ჩატარება ქალებისთვის, სადაც საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრებს.

ჯანმრთელობის მდგომარეობა

2026 წლის ივლისში ვერა ფიშერმა გაამხილა, რომ რამდენიმე თვის წინ მუხლის სრული ენდოპროთეზირების ოპერაცია ჩაიტარა. მისი თქმით, ოპერაციის შესახებ მან მანამდე არ ისაუბრა, რადგან სურდა რეაბილიტაციის პერიოდი მშვიდ გარემოში გაევლო.

აღდგენის დასრულების შემდეგ მსახიობმა განაცხადა, რომ უკვე დაუბრუნდა პროფესიულ საქმიანობას და პირველი სამუშაოც შეასრულა ახალი ოპერაციის შემდეგ.

პირადი ცხოვრება

ბოლო ინტერვიუებში ვერა ფიშერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობს და საკუთარ დამოუკიდებლობასა და სიმშვიდეს აფასებს. მისი თქმით, ცხოვრების ამ ეტაპზე კარიერა, ჯანმრთელობა, მეგობრები და შინაური ცხოველები მის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ვერა ფიშერი ათწლეულების განმავლობაში მილიონობით მაყურებლის კერპი იყო, თუმცა მისი ცხოვრება მხოლოდ წარმატებით არ ყოფილა სავსე. კარიერის პიკზე მყოფ მსახიობს მძიმე პირად კრიზისებთან, ნარკოდამოკიდებულებასთან, დეპრესიასა და პროფესიულ სირთულეებთან ბრძოლა მოუწია. დღეს თავად ფიშერი ღიად საუბრობს ამ გამოცდილებაზე და ამბობს, რომ სწორედ ამ რთულმა პერიოდმა შეცვალა მისი ცხოვრება.

ნარკოდამოკიდებულება

ვერა ფიშერმა არაერთ ინტერვიუში აღიარა, რომ კოკაინის მოხმარება 1980-იან წლებში დაიწყო. მისი თქმით, იმ პერიოდში ბრაზილიის გასართობ ინდუსტრიაში ნარკოტიკების გამოყენება საკმაოდ გავრცელებული იყო და ბევრისთვის მოდად  ითვლებოდა.

მსახიობი წლების განმავლობაში ცდილობდა პრობლემასთან გამკლავებას, თუმცა საბოლოოდ რამდენჯერმე გახდა საჭირო სარეაბილიტაციო კლინიკაში მკურნალობა. ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა 2011 წელს მოხდა, როდესაც თავად მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ დაეტოვებინა ნარკოტიკები.

ვერა ფიშერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ცვლილების სურვილი საკუთარი შინაგანი გადაწყვეტილებიდან მოდიოდა.„როდესაც საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უნდა შემეწყვიტა, უკან აღარ დავბრუნებულვარ. ეს გადაწყვეტილება ჩემში ნელ-ნელა ყალიბდებოდა, სანამ საბოლოოდ არ მივიღე.“

რეაბილიტაცია და საზოგადოების ყურადღება

1997 წელს ვერა ფიშერი საკუთარი სურვილით სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრში შევიდა. მოგვიანებით მან გაიხსენა, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო, თუმცა სწორედ იქ დაიწყო საკუთარი ცხოვრების თავიდან აწყობა.

2022 წელს, გადაცემაში Conversa com Bial, მსახიობმა აღნიშნა, რომ კლინიკაში წასვლა მისი გაცნობიერებული არჩევანი იყო.

მისი თქმით, სხვა პაციენტების ისტორიებმა საკუთარი პრობლემების გაცნობიერებაში და გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

დეპრესია და კარიერული კრიზისი

კიდევ ერთი მძიმე ეტაპი მსახიობისთვის 2012 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტელევიზიაში ახალი როლები აღარ შესთავაზეს.

ვერა ფიშერი მოგვიანებით ამბობდა, რომ უმუშევრობამ და პროფესიულმა გაურკვევლობამ დეპრესია გამოიწვია.

მისი სიტყვებით, იმ პერიოდში წონაშიც საგრძნობლად მოიმატა, რადგან საკუთარ მომავალს ვეღარ ხედავდა. „დავიწყე გასუქება სიმწრისგან, რადგან აღარავინ მეძახდა სამუშაოდ. ერთი პრობლემა მეორეს აძლიერებდა.“

თუმცა მსახიობმა დანებება არ ისურვა. მან თეატრში დაიწყო მუშაობა, სხვადასხვა ქალაქში გასტროლები გამართა და სწორედ სცენამ მისცა მოტივაცია, კვლავ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება გაეგრძელებინა.

რთული პირადი ცხოვრება

ვერა ფიშერის პირადი ცხოვრებაც ხშირად ხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით ხმაურიანი იყო მისი ურთიერთობა მსახიობ ფელიპე კამარგოსთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს.

განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა არაერთხელ გამწვავდა, რაც სასამართლო დავებითა და საჯარო განცხადებებითაც გაგრძელდა. ამ ყველაფერმა მსახიობზე ფსიქოლოგიურად მძიმე გავლენა მოახდინა.

როგორ შეძლო დაბრუნება

დღეს ვერა ფიშერი ამბობს, რომ წარსულს აღარ ემალება, რადგან სწორედ ამ გამოცდილებამ გახადა უფრო ძლიერი.

მისი შეფასებით, დამოკიდებულებაზე გამარჯვება ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევაა.

ბოლო წლებში იგი აქტიურად თამაშობს თეატრში, კვლავ მონაწილეობს სატელევიზიო პროექტებში და სოციალურ ქსელებში ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს საკუთარ გამოცდილებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ასაკთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ეხება.