4 წლიანი პაუზის შემდეგ, მომღერალი სელინ დიონი საკონცერტო ტურნესთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ რთული და მედიცინისთვის ჯერჯერობით განუკურნებელი ნევროლოგიური დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა დაავადება მართვადია, რამაც სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.
ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს. სელინ დიონი ამბობს, რომ ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კონცერტების სერიის გამართვა, რომელიც პარიზში შედგება.
“გამარჯობა ყველას. მინდა იცოდეთ, რომ კარგად ვარ, ჩემს ჯანმრთელობას ვუვლი და თავს კარგად ვგრძნობ. ისევ ვმღერი და ცოტას ვცეკვავ კიდეც. ცხადია, იცით, როგორ ძალიან მიყვარს ეს.
უნდა გითხრათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ამ ბოლო წლებში, ყოველდღე ვგრძნობდი თქვენს ლოცვებსა და მხარდაჭერას, თქვენს სიკეთესა და სიყვარულს. ჩემს ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი თქვენ ჩემ გვერდით იყავით.
თქვენ დამეხმარეთ ისეთი გზებით, რომელთა აღწერაც კი მიჭირს და ნამდვილად ძალიან გამიმართლა, რომ თქვენი მხარდაჭერა მაქვს.
ძალიან მომენატრეთ, მეძლევა შესაძლებლობა, სექტემბრიდან კვლავ გნახოთ და ისევ თქვენთვის გამოვიდე კონცერტით პარიზში.
ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მზად ვარ ამისთვის. თავს კარგად ვგრძნობ, ძლიერი ვარ და, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ.
ცოტათი ვნერვიულობ, მაგრამ ყველაზე მეტად მადლიერი ვარ თქვენი. ერთი სული მაქვს, როდის გნახავთ ისევ. მე ყველა ძალიან მიყვარხართ და მალე გნახავთ.
დიდი კოცნები და დროებით, მალე შევხვდებით.”- ამბობს სელინ დიონი.
მომღერალმა 2022 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ებრძვის იშვიათ ნევროლოგიურ დაავადებას — “ხისტი პიროვნების სინდრომი”, რომელიც იწვევს კუნთების გამაგრებას, სპაზმებს და მოძრაობის სირთულეს.
რა არის ეს დაავადება?
ხისტი პიროვნების სინდრომი – ეს არის იშვიათი და რთული ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების მუდმივ დაჭიმულობას, აძლიერებს ტკივილს და სპაზმებს, ართულებს მოძრაობას და ყოველდღიურ აქტივობას, შეიძლება გაუარესდეს სტრესის ან ემოციური დატვირთვის დროს.
დაავადება ჯერ კიდევ სრულად არ იკურნება, თუმცა მკურნალობა და თერაპიები სიმპტომების მართვას უწყობს ხელს.

