TEMU 200 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

ევროკომისიამ ჩინური ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა მას შემდეგ, რაც გამოძიების ფარგლებში საშიში საბავშვო სათამაშოები, გაუმართავი დამტენები და სხვა არალეგალური პროდუქცია აღმოაჩინეს.

უცხოური მედიების – გარდიანის, ბიბისის და ევრონიუსის ცნობით, გამოძიება ევროკავშირის „ციფრული სერვისების აქტის“ (DSA) ფარგლებში მიმდინარეობდა. ევროკომისიის განცხადებით, Temu-მ სათანადოდ ვერ შეაფასა და ვერ გააკონტროლა ის რისკები, რომლებიც მომხმარებლებისთვის საშიში პროდუქციის გაყიდვას უკავშირდებოდა. სპეციალური „საიდუმლო შესყიდვების“ დროს აღმოჩნდა, რომ რიგი საბავშვო სათამაშოები შეიცავდა ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიკატებს, ხოლო დამტენების ნაწილი უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

ევროკავშირის ინფორმაციით, Temu-ს რეკომენდაციის ალგორითმები და გავლენიან პირებთან (ინფლუენსერებთან) თანამშრომლობაც ხელს უწყობდა მსგავსი პროდუქციის ფართო გავრცელებას.

კომპანიამ ჯარიმა „არაპროპორციულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები გააძლიერა. თუმცა ბრიუსელმა Temu-ს 2026 წლის 28 აგვისტომდე მისცა ვადა, რათა კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას დამატებითი სანქციები ემუქრება.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სანქციაა, რომელიც ევროკავშირმა „ციფრული სერვისების აქტის“ ფარგლებში ონლაინ-პლატფორმას დაუწესა.