ისტორია გრძელდება – ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია. ქართველი ვარსკვლავი უკვე მეორედ გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მას შემდეგ რაც მისი გუნდი, Paris Saint-Germain, 2026 წლის ფინალში ლონდონის არსენალი დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ბუდაპეშტში გამართული ფინალი დრამატულად წარიმართა. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. გადამწყვეტ მომენტამდე მისულ შეხვედრაში პსჟ-მ მეტოქე 4:3 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ტიტული შეინარჩუნა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ფინალშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სწორედ ქართველის წინააღმდეგ წესების დარღვევის შემდეგ დაინიშნა პენალტი, რომელიც უსმან დემბელემ გოლად აქცია და პარიზელებს ანგარიში გაუთანაბრა.

2025 წელს კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და პსჟ-სთან ერთად ისტორიული ტიტული მოიგო. ერთი წლის შემდეგ კი ქართველმა ლიდერმა ეს მიღწევა გაიმეორა და კარიერაში მეორე ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.

2025/26 წლების სეზონში კვარაცხელია პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ძალა იყო. ჩემპიონთა ლიგაზე მან არაერთი გადამწყვეტი მატჩი ჩაატარა, გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები და საგოლე გადაცემებიც შეასრულა, რის გამოც არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. 25 წლის ქართველმა ვარსკვლავმა უკვე ორჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში მყარად იმკვიდრებს ადგილს